ჯერ სწორად არც ერთს არ გვაქვს გააზრებული, რა მოხდა და რისი გაკეთება შევძელით.
დილით გაღვიძებულმა მანქმა გადაწყვიტა ნახანძრალისათვის უფრო ახლოდან გადაეღო სურათები. ცოტა ვჭამეთ, მანქმა აიკიდა ზურგჩანთა, რომელშიც იდო ერთი ლიტრიანი ბოთლი წყლით, მზესუმზირა, ე.წ. პეჩენია, რვეული, ავტოკალამი და პირსახოცი “რა იცი, რა ხდება” მიზნით. წავედით.. იმ ადგილამდე, სადაც გუშინ ვიყავით უცებ მივედით.. მერე კიდევ კარგი ღელე გამოჩნდა, სიგრილე და ჩრდილი იყო, რამაც სიარული გაგვიადვილა. ჩემდა გასაკვირად არ ვწუწუნებდი. არ ვიცი, რატომ მაგრამ უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი გასაკეთებელი იყო ეს.

ღელეს რომ გავცდით სახანძრო მანქანას გადავაწყდით და კიდევ ერთ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მეხანძრეს, რომელსაც საოცრად გაუხარდა და გაუკვირდა ჩვენი დანახვა. მეგონა მომეჩვენაო და სურათიც გადაგვიღო. გვითხრა, რომ მხოლოდ რვაასი მეტრი იყო დარჩენილი ხანძრამდე, გაარკვია, რომ მანქი ჟურნალისტი იყო, თუმცა ისე გაოცდა, რომ წესიერად ვერც ვერაფერი გაარკვია. მერე დასვენება შემოგვთავაზა, მაგრამ რახან მიზანი რვაას მეტრში გველოდა, არ დავრჩით. ჩამომიარეთ დამელაპარაკეთო. განვაგრძეთ გზა, რომელიც ბევრად გართულდა ღელეს არ არსებობისა და მზის გამო. უფრო ხშირად გვიწევდა შესვენება და გამოზოგილად წყლის სმა. გზაში ჩემი და ჩემი ძმის მეგობარი შეგვხვდა, რომელმაც გვამცნო, რომ 700 ჰა იყო უკვე დამწვარი, სინამდვილეში ხანძარი ოთხშაბათს დაწყებულა, მაგრამ ხელი არავის გაუნძრევია, ჩვენ იქ ვერ მივალთო. მოკლედ ეს ხალხი ე.წ. კრუშკებით ვერაფერს გახდებაო.
გავყევით ბობის, რომელმაც აგვიყვანა ცეცხლის კერამდე, ძალიან ბევრ ადამიანამდე და მანქანამდე.. შეძახილებს: “აქ რას ეძებთ”?! “ხანძარია, გოგოებო”. “აქ სათამაშო ადგილი არ არის”. “ესენი ვისთან არიან”, “ამათ აქ რა უნდათ” ვერ ავცდით, თუმცა მანქის პასუხმა: “ვმუშაობთ” და ბობის პასუხმა: “ჩემთან არიან” შედარებით შეასუსტა მათი ჯავრები. მთის წვერზე ვიყავით, რომელიც ჩემი სახლის აივნიდან ყოველთვის ისე შორს ჩანდა, რომ არასოდეს მიფიქრია მანდ მოვხედრაზე. იქაურმა, ჯარის ფორმაში გამოწყობილმა კაცმა გვითხრა, რომ 300 ჰა იყო დამწვარი. გარშემო გინების კორიანტელი იდგა, რომელიც მიმართული იყო გულისგამაწყალებელი ვერტმფრენებისაკენ, რომლებიც არ ასხამდნენ ცეცხლს წყალს. ცოტა ახლოს მივედით და ვიდეოს გადაღება დავიწყეთ, გარშემო ყველა ყვიროდა “გამოდით” და ჩვენ ვყვიროდით “ვიცით”. მერე მანქი უფრო ახლოს მივიდა და საოცრად შემაშინა იმ ფაქტმა, რომ საშიშროების შემთხვევაში შეიძლებოდა თავი საფრთხისათვის არ აერიდებინა მისი პროფესიიდან გამომდინარე.
ცეცხლი აალდა. მეგონა ცამდე ააღწევდა, ციდან ფერფლი ცვიოდა, ვიდეოს ვიღებდი, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც ზურგში მწვდა და გამომარბენინა იქიდან. ერთადერთი რისი დაყვირებაც შევძელი “სალომე” იყო, რომელიც მეგონა, რომ მივატოვე ან ძალით მიმატოვებინეს. მერე დავინახე, რომ ისიც ვიღაცამ გამოათრია და დავმშვიდდი უფრო სწორად აღარ ვღელავდი სალომეზე, თუმცა ვგრძნობდი, რომ ვიდეოს აკანკალებული ხელით ვიღებდი და მარჯვენა ფეხის კანკალი არ წყებოდა.
მზე წითელი იყო, თითქოს ცეცხლს დაეწვა. ვიღაც კაცმა ბობის ჩვენი თავი ჩააბარა, არადა დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ინსტინქტად აქვს ქცეული ჩემი დაცვა და გადარჩენა. ცოტა ქვევით ჩავედით. მირბოდა ყველა და ყველაფერი: სატვირთო და სახანძრო მანქანებისა და ტრაქტორების სახით. ჯარისკაცები დაფანტულად დარბოდნენ და რწმუნდებოდნენ თავიანთ უსუსურობაში. ძალიან შემეცოდნენ და შემრცხვა, რომ გუშინ ღამე იმათ ლანძღვაში გავატარე, ვინც ღამით წყვეტს მუშაობას. ნელ-ნელა ისევ ქვევით ჩამოვედით.. დაახლოებით ასი-ორასი მეტრის ჩამოგორება მოვახერხეთ სახანძრო მანქანით. შემდეგ ღელეს დავეწაფეთ და ვსვამდით და ზედ ვისხამდით წყალს. ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლმა შემოგვთავაზა ჩაყვანა. ავედით მანქანაში და დავიწყეთ ლოდინი. ზევით არ იჭერდა, მანქი ვერ აგზავნიდა ვიდეოს:
ცხელოდა და თავი ყველაფრისგან ერთად პულსირებდა. მძღოლმა შემოგვჩივლა, რომ მთელი დღე უწევს მუშაობა და საჭმელად შავ პურს აძლევენ, რომელმაც ნაღველა გაუღიზიანა. მერე ბობიმ გვანიშნა, რომ ჩამოვსულიყავით, გზად კიდევ ერთი თანასოფლელი ავიყვანეთ და წამოვედით. როგორც აღმოჩნა ეს გზა, რომლითაც ამოვედით კიდეც გრძელი ყოფილა და მოჭრაც შეიძლებოდა. ბევრი ვიარეთ იქიდანაც, განსაკუთრებით ბევრი მზეში.. უკვე აღარ შეგვეძლო, მაგრამ შესაძლებლობაზე არაფერი ყოფილა დამოკიდებული.
ჩამოვედით. ალბათ, ორ საათამდე გავიდოდა სახლში მოსვლიდან. ველოდებით, როდის გაცხელდება წყალი და როდის გავალთ აქედან ბანაობის შემდეგ.
ჩვენ მურიანები, ტალახიანები, ძალიან ბიძნურები ჯერ ვერ ვხვდებით დღეს რა მოხდა. ცოტახნით წამოწვიმა და იმედი მოგვეცა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ არ. ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა ხდება და როგორ გვტკივა სხეულები ყველაფრისაგან. ერთადერთი რისი თქმაც მოვახერხეთ ეს იყო ჩემ მიერ ნათქვამი: “მიყვარხარ” და მანქის მიერ ნათქვამი: “მაპატიე, რომ იქ წაგიყვანე და ყველაფერი გაჩვენე”, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე სწორი და მამაცი საქციელი იყო, რომელიც ცხოვრებაში გამიკეთებია.. გავუძელი 15კილომეტრის ფეხით გავლას მთაში, სიცხეს, ტკივილს, შიშს, შოკს და ცოცხალი ვარ, არც ერთხელ არ დამიწუწუნია რაიმე ეგოისტურ თემაზე, ერთადერთი რაც მინდოდა იყო წვიმა, ცეცხლის ჩასაქრობად მოსული.
თავი რომელიმე ფილმის გმირი მგონია, რომელმაც ნახა სტიქიისა და ადამიანების ომი, სტიქიისა, რომელიც, როგორც ამბობენ, ვიღაცას აწყობდა.
ერთადერთი, რაც ნახევრად მკვდარსა და ცოცხალს მინდა, წვიმის წამოსვლა, ცეცხლის ჩაქრობა და ასეთი რაღაცის აღარ განმეორებაა.
08.08.10
19:04




ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე მხატვრულად გაქვთ დაწერილი ის მართლა ომი, რაც მე პირადად გადავიტანე, ეს პოსტი ახლა შემთხვევით ვნახე, თუმცა აქ ისეთი რამ გიწერია რაც პირადად ჩემი შეურაცყოფაა და ვიღაც ბოროტი ადამიანის ნათქვამი და ჭორია,
ამ ფრაზას ვგულისხმობ:
“სინამდვილეში ხანძარი ოთხშაბათს დაწყებულა, მაგრამ ხელი არავის გაუნძრევია, ჩვენ იქ ვერ მივალთო. მოკლედ ეს ხალხი ე.წ. კრუშკებით ვერაფერს გახდებაო.”
ხანძრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მე ჩემ მეგობრებთან ერთად იქ ვიყავი და მთელი ორი კვირის განმავლობაში არ გამოვსულვარ ტყიდან, ეს მართლა ომი იყო და ამ ფრაზას თუ ჩაასწორებ და სიმართლეს დაწერ უკეთესი იქნება, რადგან ვიღაც ბოროტმა, ალბათ ვისაც ძალიან უხაროდა იმ ტყის დაწვა და იქ ოთხშაბათს ხელი არ გაანძრია მე და ბევრ პატრიოტს სახელი არ უნდა გაგვიტეხოს, ეს მართლა ომია სადაც ყველა შენიანი კვდება და არაა ლამაზი რამის არდაფასება და არასწორად შეფასება, რაც შეეხება დიჯეი ბობის ჩემი ძამიკოა და კარგად მოქცეულა რომ წაუყვანიხართ.
es agvistos omis dros xdeboda xo?
არა, 2010 წელია ეს.